იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის წესების ან სხვა ქალაქგეგმარებითი მიზეზების გამო, მიწის ნაკვეთების ზონირების ძველ სტატუსს ვერ დაიბრუნებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ადგილმონაცვლეობას შესთავაზებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის განმარტებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას შეზღუდული ზონის სტატუსი მიანიჭა.
„ძალიან დიდი არეალი განისაზღვრა და გარკვეული ტიპის მშენებლობები შეიზღუდა, რადგან თბილისის ზღვიდან დედაქალაქის მოსახლეობას კომპანია GWP სასმელი წყლით ამარაგებს. დავიწყეთ კვლევები, რის შემდეგაც დამტკიცდა სანიტარიული დაცვის წესები. ასევე, განისაზღვრა გარკვეული რეგულაციები, რომლებიც დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნული ტერიტორია სწორედ ამ წესებისა და რეგულაციების მიხედვით უნდა განვითარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დამტკიცების შემდეგ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილს არსებული შეზღუდვები მოეხსნა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ზონები, სადაც კერძო მესაკუთრეებს ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობა ვერ მიეცემა. კალაძემ მოუწოდა მესაკუთრეებს, რომელთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეზღუდვები აქვს, მიმართონ მერიას მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობისთვის.
„ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწებზე აღნიშნული პრობლემა აქვს და ზონირების სტატუსის გამო, სხვადასხვა საქმიანობას ვერ ახერხებენ, აუცილებლად უნდა მოგვმართონ და რა თქმა უნდა, ისინი არც ერთ თეთრს არ დაკარგავენ. იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მოხდება, რომლებიც შეზღუდულ არეალში დარჩა. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემა აწუხებს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ. იმის გამო, რომ მესაკუთრეებს არ გაუუარესდეთ მდგომარეობა, მათი საკუთრება შეფასდება და იმავე ფასში ადგილმონაცვლეობას შევთავაზებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.