ლექტორის თქმით, თსუ-ის შენობიდან არ უშვებენ, რათა „არ შემოუშვან სტუდენტები"

პუბლიკა

თბილისსა და ბათუმში სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოქალაქეები შეიკრიბნენ როგორც ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, ისე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები, მათ შორის მოძრაობა „დაიტოვეს” წევრები უკვე დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ.

თსუ-ის ერთ-ერთმა ლექტორმა, დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ დაწერა, რომ „არ უშვებენ შენობიდან, რათა არ შემოუშვან სტუდენტები”.

მოძრაობა „დაიტოვეს” წევრის, ილია ღლონტის თქმით, მიდიან თსუ-სთან, რადგან „სტუდენტებს მათი დახმარება სჭირდებათ”.

მოქალაქეები არჩევნების შესაძლო გაყალბებას აპროტესტებენ და მის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

სტუდენტების პროტესტს ბიძგი გუშინ, 14 ნოემბრის საღამოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მისცეს. მათ ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. ისინი ბსუ-ს ადმინისტრაციასაც სდებენ ბრალს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობაში.

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დღესაც დარჩებიან უნივერსიტეტის შენობაში.

პარალელურად კი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაათენებენ ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ბსუ-ის სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად.