თბილისსა და ბათუმში ჟურნალისტები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას მართავენ

პუბლიკა

მედიის წარმომადგენლები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით გენერალური პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს.  პარალელურად, ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“ – ამ და სხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მიტანილი მედიის წარმომადგენლებს.

ისინი მოითხოვენ, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება.

ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.


მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.

15 იანვარს მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უკვე პოლიციის განყოფილებაში კი რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეკავება და ოთახიდან გაყვანა.

მზია ამაღლობელი აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და განაგრძობდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი შესვლისას კი მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. მისივე ბრძანების შესაბამისად, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.