ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამინისტროში ამბობენ, რომ „ეარ ევროპასა“ და „იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.
სამინისტროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა კი პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი პირდაპირი რეისები საქართველოდან ევროპის მიმართულებით. დღეს შევხვდით ორ ავიაკომპანიას, რომლებიც ბაზირებულია ესპანეთში. ორივე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება, იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი მადრიდის მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.