თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - მერია

პუბლიკა

ურბანული განვითარება და რეგენერაცია, გარემოს გაუმჯობესება, კულტურა, ინკლუზია, ინოვაცია – ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც იტალიის და საქართველოს დედაქალაქები დღეიდან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დედაქალაქების მერებმა – კახა კალაძემ და რობერტო გუალტიერიმ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, ხელს შეუწყოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, დაიგეგმოს საერთო ღონისძიებები, მოხდეს გამოცდილების გაზიარება ურბანული, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში.

მემორანდუმის ხელმოწერა რომის მერიაში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„წელს აღვნიშნავთ იტალიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს, თუმცა, მგონია, რომ ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. ამ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შევძლებთ თანამშრომლობას.

ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც რომში ხორციელდება. ეს არის მეტროსადგურის ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც 30 სადგური აშენდება. რამდენიმე მილიარდი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება. 2006 წელს დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში  იქნება დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რომის მერიაში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.