„თბილისში 10 000-მდე ავარიული შენობაა“ | კალაძემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა

პუბლიკა

თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ნახევარი მილიონი ლარი გადაირიცხება.

მერმა, ასევე, აისაუბრა ვარიული სახლების პრობლემაზე, რაც თბილისში საკმაოდ აქტუალურია. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამას განახორციელებს.

„ზოგადად, ავარიული სახლების თემა თბილისშიც აქტუალურია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ამ ქალაქში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იცის. თბილისელებს წარვუდგინეთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა.

ამ ყველაფერზე ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდი და საერთოდ არავინ დაინტერესებულა ჩვენი საარჩევნო პროგრამით, განსაკუთრებით, ოპონენტები და მათი მედიასაშუალებები. როგორც კი ბათუმში ეს ტრაგედია მოხდა, შემდეგ ყველა გამოვიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ავარიული შენობები გვაქვს თბილისში.

დიახ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. გვაქვს 10 000-მდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში, ჩვენ მსგავს შენობებს ვამაგრებდით. ახლა კი სრული ჩანაცვლების პროგრამა დავდეთ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ხარჯი თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოსახლეობას ამაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.