თბილისში 24 ბინის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა  ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, “- ამბობენ უწყებაში.

.