თბილისში 4 ახალი შემთხვევა დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერქნციაზე განაცხადა, რომ დღევანდელი 29 ახალი შემთხვევების უმეტესობა ბოლნისის კლასტერიდანაა, მათ შორის არის თეთრიწყაროს შემთხვევა და მისი კონტაქტებიც.

იმნაძემ აღნიშნა, რომ თბილისში დადასტურებული 4 ახალი შემთხვევა დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან.

„ეს 29 ახალი შემთხვევა ძირითადად არის ბოლნისის ცნობილი კლასტერიდან,  იყო თეთრიწყაროს შემთხვევა და იმისი კონტაქტები. გარდა ამისა, 1 არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზებულია. სწრაფი  ტესტით იყო დადებითი და ამჟამად დადასტურდა PCR  მეთოდითაც. თბილისში დაემატა 4 ახალი შემთხვევა, ესეც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან“, – თქვა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში 12 000 PCR ტესტი გაკეთდა, ასევე 5 000-ზე მეტი სწრაფი ტესტი.

„რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, რომლებიც გაკეთდა ამ 24 საათის განმავლობაში, ეს იყო 822 ტესტი და აქედან არის 29 ახალი შემთხვევა. გუშინ იყო ჩატარებული 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. დღეისთვის სულ გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი ქვეყანაში, ეს რაც შეეხება PCR ტესტირებას, სწრაფი ტესტი კი 5 000-ზე მეტია გაკეთებული“, – განაცხადა იმნაძემ.