პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტი აშენდეს. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, რომ საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბად უნდა იქცეს, მაგრამ თბილისის მოქმედი აეროპორტი ვერ პასუხობს მათ „ამბიციურ მიზნებს“.
„მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ჩვენ თუ გვინდა 20, 30, 50, თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა, გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა.
ასეთი ლოკაცია, ამ მიზნით ასეთი იდეალური ადგილი თბილისში არის ვაზიანის აეროდრომი, ყოფილი აეროდრომი. ამიტომ ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე თვეა, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია ახლა, რომ ამ პროექტის შესასწავლად ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები. ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
საუბარია თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი, რაც არაერთხელ გვითქვამს. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, არსებობდა არსებული აეროპორტის გაფართოების ვერსიაც, მაგრამ აეროპორტის ტერიტორია არ იძლეოდა სათანადო განვითარების შესაძლებლობას.