თბილისში ბელარუსის მოქალაქეებმა 2020 წელს ბელარუსში გაყალბებული არჩევნები და რეპრესიები გააპროტესტეს

პუბლიკა

თბილისში პარლამენტის წინ ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი ბელარუსში 2020 წელს გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ.

„2 წლის წინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლებამ ჩვენი ხმები მოიპარა, რის გამოც დავიწყეთ პროტესტის გამოხატვა. დაიწყეს ყველა ადამიანის დევნა, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა. ბელარუსიდან რეპრესირებულები ვართ და ახლა აქ ვცხოვრობთ. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ჩვენ გვაქვს არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება და ამას აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განუცხადა ტელეკომპანია „მთავარს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები დაიწყო. არჩევნებში ალექსადრე ლუკაშენკა საპრეზიდენტო არჩევნებში მეექვსე ვადით ცდილობდა თანამდებობის დაკავებას. საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 9 აგვისტოს, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაძლიერდა. შედეგების მიხედვით ლუკაშენკა გამარჯვებულად გამოცხადდა. მისმა ოპონენტმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ არჩევნების შედეგები უარყო.  მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა და მას ხმების 60-70% უნდა აეღო.

ბელარუსში საპროტესტო აქციები მასობრივი დარბევის ფონზე მიმდინარეობდა. დააკავეს რამდენიმე ათასი აქტივისტი. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადების მიხედვით, დოკუმენტირებულია 450-ზე მეტი შემთხვევა დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ.