თბილისში ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან | კომენტარები

პუბლიკა

ევროპარლამენტარები, რომლებიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან, საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდნენ. მათ აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასეს. კომენტარს ქართულ ენაზე „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი სცენ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირი აქ არის. ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, რომ პატივი სცენ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს. ასევე, ოდირის შეფასებას. ევროპული პარლამენტის წევრებთან ერთად ჩამოვედი“, – აღნიშნა კალიურანდმა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, მას რამდენიმე კვირის წინ შეხვედრა ჰქონდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან.

„შეხვედრა მქონდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. რამდენიმე კვირის წინ მას სტრასბურგში შევხვდი და ვფიქრობ, ყველამ ძალიან მკაფიოდ ვთხოვეთ, მოერიდოს პროვოკაციებს და გამოიყენოს მისი კაპიტალი ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, რადგან ქვეყანა იმსახურებს დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს“, – ამბობს მარინა კალიურანდი.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ეს არ არის უბრალოდ ადგილობრივი არჩევნები“.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ევროპარლამენტარებისთვისაც, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა – ძალადობა, მათ შორის ჟურნალისტებზეც. ეს არ არის უბრალოდ ადგილობრივი არჩევნები, დაახლოებით საპარლამენტო არჩევნების დონეზეა, იმიტომ, რომ ამ არჩევნებმა უნდა გვაჩვენოს, მიდის თუ არა საქართველო დასავლეთის გზით.

აქ ვართ იმისთვის, რათა შევამოწმოთ და თვალი ვადევნოთ, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები არ განმეორდება. მაგალითად, მანიპულაცია და გაყალბება. მჯერა, რომ მის დაბრუნებას ექნება დიდი გავლენა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური გავლენა იქნება, რადგან ახლა არჩევნებზე სტაბილურობა გვჭირდება, მისი ჩამოსვლა კი ამას არ მოგვიტანს“, – აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.