თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა - თბილისის მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის განცხადებით, ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 მ² სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო. მერიის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 32156 ლარი შეადგინა.

დაუნის სინდრომის ცენტრის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ესწრებოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მსგავსი ტიპის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ მშობლებზე. აქ იმოქმედებს ცხელი ხაზი და იქნება საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მიმართულია დაუნი სინდრომის მქონე ადამიანების ადრეული ასაკიდან ჩართვისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მათივე ცნობით, დაუნის სინდრომის ცენტრი აერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მერიის განმარტებით, ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ოჯახს ქვეყნის მასშტაბით – მათ შორის 300-მდე ოჯახს თბილისის მუნიციპალიტეტში.