თბილისში, დიდ დიღომში ლომიძეების ოჯახი გამოასახლეს

პუბლიკა

თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში ლომიძეების ოჯახი გამოასახლეს. ადგილზე მისულები იყვნენ აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც ბინიდან ნივთები გაიტანეს.

„ხალხის ხელისუფლება სახალხო სამართალის“ წარმომადგენელი, უფლებადამცველი მამისა ჯაფარაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ბინაში ლომიძეების ოჯახი 45 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მისივე თქმით, მევახშემ მოლაპარაკებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ბინაში თავად სურდა ცხოვრება.

„მე პირადად ვიყავი ჩართული, ამ კაცს ვეხვეწებით 4 წელია, 22 ათასი იყო ნასესხები და 35-მდე ვაძლევდით, მაგრამ – არა. 65-70 000-ზე ქვემოთ არ ჩამოვიდა. […] ამ ოჯახს არაფერი არ აქვს სხვა საცხოვრებელი თბილისში, თუ იქირავებენ დღეს რამეს, ან ვინმეს მიეკედლებიან, ამათ ნამდვილად არ აქვთ“, – თქვა მამისა ჯაფარაშვილმა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.