თბილისში ერთ-ერთი ეკლესია კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით დაიხურა

პუბლიკა

„მრევლის საყურადღებოდ, ტაძარი დაკეტილია 10 დღით და არ გაიღება“, – ასეთი განცხადებაა გაკრული სანზონაში, პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის კარზე.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ტაძარში 21 სექტემბერს დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი რამდენიმე ადამიანს აღმოაჩნდა. როგორც ტელეკომპანია „მთავარს“ ტაძარათან მცხოვრები რამდენიმე ადამიანი ეუბნება, ვირუსი თავდაპირველად, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მგალობელს აღმოაჩნდა, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა. მათი ცნობით, ვირუსი აქვს მრევლისა და სასულიერი პირების ნაწილს, დაახლოებით 16 ადამიანს.

„პუბლიკა“ საპატრიარქოს  პრესცენტრის ხელმძღვანელს, ანდრეა ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ სასულიერო პირების დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ დაგვიდასტურა, რომ, მათი ინფორმაციით, ამ ეკლესიის მრევლს აღმოაჩნდა ვირუსი.

დეკანოზ ანდრეა ჯაღმაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილს ვირუსი დაუდასტურდა, სასულიერო პირებმა შესაბამისი ზომები მიიღეს და ტაძარი დახურეს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 295 აჭარაში. ბოლოს 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.