თბილისში გამართულ ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლაშა დარსალია და ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ.
გუშინ, 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს.
თბილისში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ – მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე. ფოტოებს საქართველოში ირანის ელჩი აქვეყნებს. ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.
„პუბლიკას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ ანძა ირანის საელჩოს მიმართვის საფუძველზე ირანის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაანათეს.
ირანის ისლამური რევოლუციის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძის ვიდეო სოციალურ ქსელში საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანმა განათავსა და დაწერა:
„ირანისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზე დაყრდნობით და ორი ერის კეთილმეზობლური დამოკიდებულების გათვალისწინებით, წელს, 22 ბაჰმანის (ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავი) აღსანიშნავად, თბილისის ტელეანძა ირანის დროშის ფერებში განათდა“.
გუშინდელ ღონისძიებას, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების წლისთავს მიეძღვნა, პროტესტით შეხვდა ირანელი ქალი აქტივისტი, მარიამ შარიფი – ირანში რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქციების ხშირი მონაწილე. მან დარბაზში ხმამაღალი შეძახილებით – „shame on you! სირცხვილი, სირცხვილი!“ – გააპროტესტა ღონისძიება.
შარიფის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ მაშინ, როცა ირანში მშვიდობიან დემონსტრანტებს აპატიმრებენ, სცემენ და კლავენ, რეჟიმის საზეიმო აღნიშვნა თბილისში დაუშვებელია. აქტივისტს უცნობმა პირებმა შეუზღუდეს გადაადგილება, მოგვიანებით კი გამოუშვეს.
შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ისინი ღონისძიებას არ ესწრებოდნენ და აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ.
ღონისძიებისა და ამ აქცია-პერფორმანსის გადასაღებად ადგილზე იმყოფებოდა „პუბლიკის“ ჟურნალისტი.
როგორც ჩვენი ჟურნალისტი გვიყვება, ირანის საელჩოს ღონისძიების ადგილზე მას არ მისცეს გადაღების უფლება და პროფესიული საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
მისი თქმით, ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ატარებდა ჩოხას, მას ტელეფონი წაართვა, გადაუგდო, შემდეგ აიძულეს გადაღებული მასალის წაშლა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ უცნობმა პირმა გამოსტაცა ხელიდან მობილური, სავარაუდოდ, იმის შესამოწმებლად, ნამდვილად წაშალა თუ არა მასალა, უნებართვოდ დაათვალიერეს მისი პირადი ინფორმაცია, მათ შორის, ჟურნალისტის პირადი ფოტო- და ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები.
ამ ინციდენტს შეესწრნენ და ადგილზე იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც. მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, ხოლო ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რომელ სამსახურს წარმოადგენდნენ, ბუნდოვანი პასუხი გაგვცეს.
ჟურნალისტის მონაყოლით, ამავე პირებმა გამოართვეს პრესბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მასაც და დოკუმენტებსაც ფოტოები გადაუღეს.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში ლაშა დარსალიას სიტყვა გამოაქვეყნა:
„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მთავრობის სახელით მივულოცო ამ ქვეყანას ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღე. ეროვნული დღე თითოეული ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ასახავს მისი ისტორიულ გზას, სახელმწიფოს განვითარებასა და ეროვნულ იდენტობას.
ჩვენს ერებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ახლო ურთიერთობა ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველია.
ჩვენ ვაფასებთ ამ წლების განმავლობაში ირანის გადამწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამისთვის მადლიერები ვართ.
საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის გაღრმავებისთვის…“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ, როგორც ეს ირანის ელჩმა დაწერა.
ლაშა დარსალია 3 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
„პუბლიკა“ შეეცადა ანზორ ჩუბინიძესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.
2024 წლის მაისში „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თეირანში, ირანის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების დაკრძალვაზე.
მალევე, 2024 წლის ივლისში კობახიძე ისევ ეწვია ირანს და ამჯერად ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.