თბილისში გარდაცვლილი ოპოზიციონერი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმეზე დაწყებულია გამოძიება - შსს

პუბლიკა

თბილისში გარდაიცვალა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი. შემთხვევა ორი კვირის წინ სასტუმრო „რუმსთან“ მოხდა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შეტყობინება შევიდა მაღალსართულიანი შენობიდან ადამიანის გადმოვარდნის შესახებ და მაშინვე დაიწყეს გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

სოციალური ქსელით ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბლოგერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა, მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწერა, რომ: „ბოლო ინფორმაციის თანახმად, ჰუსეინ ბაკიხანოვი გადმოაგდეს მაღალსართულიანი შენობიდან, სადაც ის ცხოვრობდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ჰუსეინი სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი”.

ჰუსეინ ბაკიხანოვი აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, სწორედ დევნის გამო დატოვა მან აზერბაიჯანი და თბილისში ცხოვრობდა. ის ამის შესახებ საუბრობდა  თავის ვიდეომიმართვებში. ასევე ამის შესახებ საუბრობს ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც.

ჟურნალისტის თქმით, საეჭვოა ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების გარემოებები.

„12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემეს თბილისში მცხოვრებ ემიგრანტს, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა და მას გადაურჩა.  ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან. დღეს გაირკვა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი თავის ბინაში იპოვეს.

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე. ჰუსეინმა მეგობრებს განუცხადა, რომ თავდამსხმელებს თავდაპირველად სურდათ მისი პრივატიზება. ვთხოვ ქართულ მედიას, ყურადღება მიაქციონ საკითხს”, – წერს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი.