„თბილისში გაუჩინარებული“ რუსი წყვილი შსს-ს სისხლის სამართლის წესით ჰყავს დაკავებული

პუბლიკა

შსს-ს განცხადებით, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, – აცხადებს შსს.

შსს-ს განცხადებით, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, „ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს“.

მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება მათ ორი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

უწყების ცნობით, დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულებს მეგობრები მეორე დღეა, ეძებნდნენ. მათი ცნობით, ისინი „გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს“.

საჯარო წყაროების მიხედვით, ვოლოდიმირ დუბოვსკი ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო ვლადივოსტოკში. მან რუსეთი 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ დუბოვსკი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა.

საქართველოში ცხოვრებისას შექმნა რუსეთის ომის საწინააღმდეგო საინიციატივო ჯგუფი „რუსები საქართველოში“. ომის დაწყების შემდეგ ის ღიად უჭერდა მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რის გამოც ომის საწინააღმდეგო რუსი აქტივისტები აკრიტიკებდნენ. მას რამდენიმე მათგანმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიც დასდეს ბრალი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.