თბილისში ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტთან გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციას ესწრებოდნენ ირაკლი ბებუას მშობლები და ოჯახის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ირაკლი ბებუა და დაბრუნდეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, სასწრაფოდ მოხდეს ირაკლის გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანა. ვფიქრობ, სათანადოდ არ იყო აქტივობა ჩვენი მხრიდან, დავაკელით, ეტყობა, აქტივობა, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევებში ვხედავთ, სწრაფად მოხდა ტყვეების გათავისუფლება და გადმოყვანა საქართველოში.

ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენც, ოჯახმა არ ავტეხეთ ხმაური იმისთვის, რომ რამე ქმედითი ნაბიჯები გადაგვედგა. თუმცა არც ახლაა გვიანი და არ ვაპირებთ გაჩერებას, იმიტომ, რომ ფაქტია, სახელმწიფოს სხვა ენა არ ესმის, ვერ გაიგო ოჯახის მოლოდინი და ლოდინი, რომ გააკეთებდნენ ყველაფერს ირაკლის გასათავისუფლებლად.

დღესდღეობით მივმართავთ ხმამაღალ გამოხატვის ფორმას და ვაპირებთ ასე გაგრძელებას.

ფორმის ცვლილებაში ვგულისხმობთ იმას, რომ ოჯახი სამი წლის განმავლობაში ელოდებოდა, სახელმწიფოს იმედად იყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მათთვის ზედმეტი „პრობლემა“ არ შეექმნა, თუმცა დღესდღეობით ჩვენ მივმართავთ აქტიურ ფორმას, რაც გულისხმობს აქციებს, ასევე წერილებს საელჩოებში და ყველა ბერკეტს, რომელიც ჩვენს ხელთ იქნება“, – თქვა ირაკლი ბებუას ბიძაშვილმა, თამუნა ბებუამ.

ირაკლი ბებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციამ 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა, მას შემდეგ, რაც მან საოკუპაციო რეჟიმის დრომა ჩამოხია და დაწვა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „სურს ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა“.

ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.

ოჯახის ცნობით, მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.