თბილისში ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა

მინდია გაბაძე

„შეწყდეს რასისტი პოლიციელების ტერორი“, „შეწყდეს პოლიციის მხრიდან ძალადობა“, „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ – თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია – „არა აშშ-ის პოლიციურ სისასტიკეს“ გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა რასიზმი და პოლიციური ძალადობა დაგმეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მათ მომხრეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოფო ჯაფარიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ აქციით აპროტესტებენ პოლიციის ძალადობას ამერიკაში და  სოლიდარობას უცხადებენ #BlackLivesMatters მოძრაობას. როგორც ის აღნიშნავს, რასიზმი ამერიკაში უკვე 400 წელია, პრობლემაა და სისტემური ჩაგვრა მიმდინარეობსა შავკანიანი ადამიანების.

რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციაზე ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაკი გამოჩნდა. ის აცხადებდა, რომ ამერიკაში პოლიცია უფრო მეტ თეთრკანიანს კლავს, ვიდრე შავკანიანს და „რასიზმი არაფერ შუაშია“. სტივენ ჰაკი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ამერიკაში ყველა სამართალდამცველი რასისტი არ არის.






შემთხვევა, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, 25 მაისის საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციელის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

ყოფილ პოლიციელს, რომელიც დაკავებულ ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლით აწვებოდა, ბრალი დაუმძიმეს. დერეკ შოვინს ახლა მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი. დერეკ შოვინს თავდაპირველად ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობასა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში ედებოდა. ახალი კვალიფიკაციით კი, პროკურატურა შოვინს ედავება „არაგანზრახულად მკვლელობას მაშინ, როცა ცდილობდა ან სჩადიოდა დანაშაულს… მესამე ხარისხის თავდასხმაში დასახელებულს“.

ბრალი წაუყენეს დანარჩენ სამ პოლიციელსაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების წახალისებასა და ხელშეწყობაში ედებათ. როგორც CNN წერს, მინესოტას გენერალური პროკურორი კეიტ ელისონი ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.