თბილისში მაღაზია „ნიკორას" 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - გამყრელიძე

პუბლიკა

მაღაზია „ნიკორას” ერთ-ერთი ფილიალის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „tv პირველთან” განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი 38 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყაროზე მიმდინარეობდა კვლევა, ამ 5 შემთხვევიდან 2 მაღაზიათა ქსელის თანამშრომელია.

„ეს არის ნიკორას მაღაზია, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს არსებული ფილიალი… ამ მაღაზიამ დაუყოვნებლივ გაატარა ზომები, შეცვალეს იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში, მიმდინარობს მათი კვლევა”, – განაცხადა გამყრელიძემ.


დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ამ 38 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ – 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 შემთხვევა – დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 – შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტების მოძიება”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.