„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თბილისის პროპორციულ ნაწილში 40%-ში არის დისბალანსი. მისი თქმით, 26 უბანზე არის მეტობა და ბიულეტენები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიულეტენები ჩაყრილია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საკრებულოში, სადაც რამდენიმე ხმით „ოცნება“ არის უმრავლესობაში, რეალურად ეკუთვნის ოპოზიციას.
„თბილისის საკრებულო, რომელიც დღეს ტექნიკურად, „ოცნების“ გაფორმებით, ორი ხმით უპირატესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რეალურად ეკუთვნის ოპოზიციას.
თბილისის საკრებულოში, თბილისის საზოგადოებამ აირჩია ოპოზიცია. სწორედ იმიტომ, რომ ეს რეალობა დაემახინჯებინათ და შეეცვალათ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა, როგორც მინიმუმ, ის ორი ადგილი და იმდენი პროცენტი, რომელიც აუცილებელი იყო ამ შედეგების შესაბრუნებლად.
თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში არის დისბალანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაც გააყალბეს, რაღაც ფორმით და შემდეგ ქაღალდზე ვეღარ გააფორმეს, ვერ დააჯამეს მოსულთა და იმათი რაოდენობა, ვინც მისცა ხმა. მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი. საკამათოც არ არის, იმდენად სწრაფად უნდა გაუქმდეს ეს უბნები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.