თბილისში მოკლული შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

თბილისში მოკლული ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაე ბრუკის ოჯახი წერილს აქვეყნებს. ოჯახი დამნაშავისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს. მათივე თქმით, ეს დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელია. ბრუკის ოჯახის სპეციალურ განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს.

„შანაეს ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენლად ტრაგიკულად დავკარგეთ. მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა, გულგატეხილი და განადგურებული. გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაემ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია. იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის.

შანაე იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას. შანაე გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო.

გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაეს მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაეს გაუჩინარებისთანავე უმალვე განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში. ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის ქართული საზოგადოებიდან, შანაეს ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები.

მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება. მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება.

მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაეს რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ასევე, ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას.

ახლა კი შანაეს ოჯახი ესწრაფის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება — სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო.

ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია.
სიყვარულითა და პატივისცემით, შანაეს ოჯახი.
გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა“, – ვკითხულობთ წერილში.


ავსტრალიელი შანაი ბრუკი 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, საღამოს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

ის საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა. გაუჩინარებული ქალის ძებნაში პოლიციასთან ერთად მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ერთ თვეში დააკავა. უწყების მტკიცებით, ის საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები 33 წლის კაცია.