თბილისში მოქმედი 40 ფარმაცევტული საწარმოდან და 33-ში დარღვევები აღმოჩნდა - რეგულირების სააგენტო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში არსებული, ფარმაცევტული საწარმოები შეამოწმა და 40 მოქმედი საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოაჩინა.

სააგენტოს მტკიცებით, 33-ივე საწარმოში დარღვეული იყო სანებართვო პირობები, 22 შემთხვევაში კი ფარმაცევტული პროდუქტი წარმოების წესის დარღვევით იყო ნაწარმოები.

„შემოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორიცაა სანებართვო პირობების დარღვევა, წარმოების წესის დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას, სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა და კონკრეტულად აღნიშნულ დაწესებულებას 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა“, – აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე.

სააგენტოს ცნობით, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა: სანებართვო პირობების დარღვევის 33 ფაქტი; წარმოების წესის დარღვევის 22 შემთხვევა; სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევის 4 ფაქტი; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის 1 ფაქტი; პირველ ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის 1 ფაქტი; ვადაგასული სამკურნალო საშუალების რეალიზაციის 1 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის 1 ფაქტი.

პრესსამსახურის ონფორმაციით, ზაალ კაპანაძე განმარტავს, რომ რეგულირების სააგენტო მუდმივად ახდენს ფარმაცევტული საწარმოებისა და აფთიაქების მონიტორინგს.

„ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობას მიეწოდოს ხარისხიანი მედიკამენტები და ამ მიზნის მისაღწევად არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. მომდევნო წლიდან ძალაში შედის GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის და GDP ანუ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტის დაკმაყოფილების მოთხოვნა, რაც ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს“, – ამბობს კაპანაძე.