თბილისში მოთხოვნილება მეტია, ვიდრე მიწოდება. დაემატება კაბინეტები - გამყრელიძე ვაქცინაციაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება. ამიტომ, მისი თქმით, დაემატება კაბინეტები.

„თბილისში ზოგადად ვაქცინაციის პროცესი მოდის 70%-მდე, იმერეთია, დაახლოებით, 9%, აჭარა 9% და დანარჩენი რეგიონები, ამიტომ თბილისში, გეთანხმებით, მოთხოვნილება მეტია, ვიდრე მიწოდება. ამიტომ ყოველდღიურად გპირდებით, რომ გაიზრდება მიწოდება თბილისში ანუ დამეტაება სულ უფრო და უფრო კაბინეტები, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, უფრო ადვილად ჩაეწერონ და აიცრან. გარდა ამისა, დაგეგმილია ხელმისაწვდომობის გაზრდის სხვა მიდგომები, რომელზედაც მოგვიანებით გაუწყებთ”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 236 კაბინეტი უწევს ვაქცინაციის პროცესს ადმინისტრირებას, რაც დაახლოებით 10 000-მდე აცრას ნიშნავს დღეში, თუმცა დაწესებულებათა უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში არ მუშაობს.

დღეს „სინოვაკით“ აცრა დაიწყო, გამყრელიძე ამბობს, რომ 22 ივნისამდე დაჯავშნილია დაახლოებით 14 000 ადგილი. ქვეყანას 100 ათასი დოზა „სინოვაკი“ აქვს, როემლიც 50 ათასი ადამიანის აცრისთვისაა საკმარისი. „სინოვაკს“ ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ მიუღია.