თბილისში „მშვიდობის ხიდზე“ და კანცელარიასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

პუბლიკა

თბილისში მშვიდობის ხიდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი – „მიშას სიცოცხლისთვის” გადმოფინეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კი ენმ-ის თავმჯდომარების კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებული აქცია იმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი პროექტორის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაციის კედელზე გამოსახავენ მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათებს, რათა აჩვენონ “თუ როგორ გამოიყურებოდა ის პატიმრობამდე და როგორი არის ახლა”.

გერმანია, ლიეტუვა, სომხეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ბელგია, უკრაინა, ბულგარეთი – დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

გლობალური აქცია რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის ინიციატივით იმართება. მისი ინფორმაციით, აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 40-მდე ქალაქში გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მოქალაქეები საქართველოში, რამდენიმე ქალაქში შეიკრიბნენ. აქციები დაიგეგმა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში,  რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ჭორვილასა და ურეკში.