„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ თბილისში პარტია ნახევარზე მეტ ოლქს დათმობს. ამის შესახებ მან „TV პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„თუ იქნება იმგვარი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც გულისხმობს 30 ოლქს, 30 მაჟორიტარი დაგვჭირდება და ის რომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვართ მსხვილი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ ერთობის შესანარჩუნებლად, იმ თვალსაზრისით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს ხელს არ შევუშლით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არაგონივრულად ბევრი ოლქი დავთმოთ.
ვაპირებთ, დავთმოთ იმაზე მეტი, ვიდრე უნდა ვთმობდეთ იმიტომ, რომ დიდმა ყოველთვის მეტი უნდა დათმოს, თუ გინდა, რომ ერთობა შედგეს – ეს ერთი, და მეორე – მგონია, რომ კარგი უნდა დათმო ცხოვრებაში, რომ მიიღო უკეთესი. ამიტომ ამისთვის ჩვენ მზად ვართ და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს.
მაგალითად, თბილისში „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობს ნახევარზე მეტს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნებზე ძალიან მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა ჩვენმა პარტიამ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეთანხმება შედგეს. მარტო ის ხომ არაა რომ დაუთმო ოლქი, ვისაც დაუთმობ, იმას უნდა ძალუძდეს მოგება და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ჩვენ განვიხილავთ ასეთ დროს უფრო მეტი ოლქის დათმობასაც“, – ამბობს ნიკა მელია.