თბილისში, ნინოშვილზე სახლის თაღის საყრდენი კედელი ჩამოინგრა | რას ამბობს GWP

პუბლიკა

თბილისში, ნინოშვილის 48 ნომერში თაღის საყრდენი კედელი ჩამოიშალა. სახლში 27 ოჯახი ცხოვრობს. მცხოვრებლები მიზეზად მილის დაძველების გამო კანალიზაციის გაუმართაობას და შედეგად შენობის საძირკვლისა და კედლების დასველებას ასახელებენ.

ადგილობრივი მცხოვრების, ინა ინარიძის თქმით, მათ კანალიზაციის პრობლემა დეკემბრიდან აქვთ.

„კანალიზაცია იჭედებოდა და არ გადიოდა. მივმართეთ GWP-ის, მივმართეთ მერიას, ერთი გვიშვებდა მეორესთან, მეორე-პირველთან. ერთჯერადი გასუფთავებით გაასუფთავებდნენ და ყოველი წვიმების შემდეგ ისევ მოდიოდა ეს მასა და ივსებოდა ყველაფერი“. – ამბობს ინარიძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ წვიმის გამო ეზო დაიტბორა, მერიის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა, რათა კანალიზაციის მილი ეპოვათ. თუმცა, როგორც ინა ამბობს, მილი ვერ იპოვეს და ამ დრომდე კანალიზაცია სახლის საძირკველში ჩაედინებოდა.

„გამგეობას დავურეკეთ და ვუთხარით, მოდით, კედლები არის სულ ცარიელი, შენობა დგას სველ მიწაზე და შეიძლება ჩამოინგრეს – ექსპერტიზა მოიყვანეთ და შეამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი, დავრჩეთ, არ დავრჩეთ – შემოიტანეთ განცხადება და განვიხილავთ. ამ ქვეყანაში სიტყვა „საგანგებო“ სწორად არ არის გაგებული“, – ამბობს ინარიძე.

ინარიძის თქმით, GWP-მ ადგილზე მუშაობა გუშინ, 18 მარტის დილას დაიწყო, სამუშაოების შედეგად გაითხარა მიწა და ჩაისვა მთავარი მილი.

„GWP მოვიდა მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ნაცნობობით დარეკა. გუშინ დილით დაიწყეს მოსვლა – სამი ბრიგადა მოვიდა, სამივე სხვადასხვა და არ იცოდნენ, რისთვის იყვნენ მოსულები. საბოლოოდ, საღამოს 6 თუ 7 საათზე მოვიდა ბრიგადა, რომელმაც დაიწყო გათხრა. გათხარეს, მთავარი მილი ჩასვეს“. – ამბობს ინარიძე.

ინარიძის თქმით, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კედლებმა ხმაური დაიწყო, ხოლო დღეს დილით ბზარები ჰქონდა გაჩენილი.

„გუშინ საღამოს კედლებმა დაიწყეს ხმაური, თაღის თავზე ვცხოვრობ. შემეშინდა და გავედი სახლიდან. დილით რომ მოვედი, ბზარები იყო უკვე გაჩენილი სახლში. წავედი კიდევ ერთხელ მერიაში, რომ განმეცხადებინა ეს ამბავი და მეთქვა: „მოგვხედეთ – ბზარებია სახლში, ჩამოინგრევა ეს კედელი, დიდი ხანი ვერ გაძლებს“. – ამბობს ინარიძე.

ინარიძის თქმით, მერიაში უთხრეს, რომ განცხადება შეეტანათ, რის შემდეგაც ადგილზე მივიდოდა ექსპერტიზა.

როგორც ის ამბობს, ადგილზე მცხოვრები ოჯახები ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს მერიისგან, რათა გაიგონ, რამდენად უსაფრთხოა საცხოვრებელში შესვლა.

„პუბლიკა“ მომხდარზე თბილისის მერიას დაუკავშირდა.

მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ნინოშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის მიერ.

„ნინოშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე  მიმდინარეობდა წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია GWP-ის მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა.

ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ და თუ საჭირო გახდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ვიდრე აღნიშნული შენობა არ იქნება უსაფრთხო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“, – ეუბნებიან „პუბლიკას“ თბილისის მერიაში.

„პუბლიკა” GWP-საც დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები წითელ ხაზებს მიღმა, თაღის გარე ტერიტორიაზე აწარმოეს, შესაბამისად, მათი თქმით, „კორპუსის თაღის ფრაგმენტის ჩამოშლასთან ჯივიპის მფლობელობაში არსებულ ქსელს და მასზე წარმოებულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს”.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით ნინოშვილის ქუჩა N48-სთან არსებული დაზიანებული წყალარინების ქსელი ე.წ. „იტალიური ეზოს” წითელ ხაზებს შიგნით მდებარეობს, რომელსაც სემეკის „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 24-ე მუხლის თანახმად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ექსპლუატაციას არ უწევს. შესაბამისად ვერც აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას მოახდენდა.

„წითელ ხაზებში მოქცეულ ტერიტორიაზე სამუშაოს ჩვენი ინფორმაციით გამგეობის მიერ დაქირავებული კერძო კომპანია ახორციელებდა. კონრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ გამოიწვია ჯივიპის მფლობელობაში არსებული წყალარინების გარე ქსელის გაბიდვნაც, რის გამოც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მოუწია აღნიშნულ ქსელზე თავის მხრივ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. კორპუსის თაღის ფრაგმენტის ჩამოშლასთან ჯივიპის მფლობელობაში არსებულ ქსელს და მასზე წარმოებულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს”, – აცხადებენ GWP-ში.