თბილისში ორ საკვებ ობიექტში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისში ორ კვებით ობიექტში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა.

„ამ ეტაპზე არ ვასახელებ ამ ობიექტების სახელებს, მაგრამ ყველგან უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები. ის ცვლები იზოლირებულია და გადაყვანილია კარანტინში. მოხდა სრული დეზინფექცია ამ დაწესებულებების. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი გააგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და მართვას ექვემდებარება, თუმცა ახალი 38 შემთხვევა ძალიან საყურადღებოა. როგორც მან თქვა, საქართველოში 24 საათში დადასტურებული შემთხვევებიდან ეს ციფრი ყველაზე მაღალია.

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 22 ბათუმიდან, საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერუდანაა. ბოლო 24 საათში  გამოჯანმრთელებულების რიცხვი 17-ით გაიზარდა.