თბილისში ორი კლინიკა – „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” და „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი” – კორონავირუსის გამო დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით ვირუსი პაციენტსა და ექიმს დაუდასტურდათ.
„თბილისის მედიცინის ინსტიტუტის” მთავარი ექიმი, ლევან ყურაშვილი ადასტურებს, რომ კლინიკის ექიმს COVID-19 დაუდასტურდა.
„ჩვენს თანამშრომელს, ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა. დღეს გასაწერი პაციენტები ვინც იყო, გაეწერნენ და გადავიდნენ კარანტინში. ვინც შედარებით მძიმე იყო, იმათ ვუკეთებთ ანალიზს კოვიდზე. ყველა თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციასა და კარანტინში, ვისაც კი შემხებლობა ჰქონდა ამ ექიმთან”, – აცხადებს „ტელეკომპანია პირველთან” ყურაშვილი.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებულ ექიმს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ასევე კლინიკაში არ ჰყავდათ კოვიდინფიცირებული პაციენტები.
რაც შეეხება „ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკას”, აქ კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში გულის ქრონიკული უკმარისობით იყო მოთავსებული. კლინიკის სტრატეგიული ხელმძღვანელის, ეკა სანიკიძის განცხადებით, პაციენტს არ ჰქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან. დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ყოფილა შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონოდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტი კი ნეგატიური იყო.
„ქალბატონი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი და მოთავსდა რეანიმაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ ტრიაჟის დარბაზიდან გადავიდოდა ინფექციურში. ბუნებრივია, მოთავსდა ძირითადი დაავადებით და წავიდა კარდიალური და თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა.
ის გამოკვლეულ იქნა არა იმიტომ, რომ შემდგომში დამატებით რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა კოვიდ 19-ის დღეს ან გუშინ, არამედ იმიტომ, რომ მის მეუღლეს დაუდგინდა კოვიდ 19 და ეს როგორც კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოიკვლია პროტოკოლის მიხედვით. არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით ნეგატიურია, მაგრამ „პისიარით“, ანუ ოქროს სტანდარტით არის დადებითი. სწორედ ეს მოხდა. ჩვენ სწრაფი ტესტით გვქონდა ნეგატიური. დღეს მოვიდა ლუგარიდან პასუხი დადებითი”, – აცხადებს სანიკიძე „პირველ არხთან”.
კლინიკა უკვე დახურულია და დგება სიები, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა პაციენტს. ეკა სანიკიძის მტკიცებით, ასეთი სია მცირეა, რადგან კლინიკაში რეანიმაციისა და სხვა განყოფილებების პერსონალი ერთმანეთისგან გამოყოფილია.
„რეანიმაციაში მომუშავეებს შესაბამისი ეკიპირება ჰქონდა და აქვს, რეგისტრატორებიც დაცული არიან, რაიმე პანიკა არ გვაქვს. რესპირატორები, ნიღბები, ქუდი, შეკრული ქირურგიული ხალათები, ხელთათმანები, ბახილები ჩვეულებრივად აცვიათ, მაგრამ არა ის კომბინიზონები და ეკიპირება, რომელიც კოვიდ 19-თან მომუშავეს აქვს და არც არის ეს საჭირო”, – განაცხადა სამხარაძემ.
ამ დროისთვის ორივე კლინიკა დახურულია და გამოცხადებულია კარანტინი. კლინიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი მოქმედებენ პროტოკოლის შესაბამისად და მზად იქნებიან, მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს რეკომენდაციას, საავადმყოფოები გახსნან და პაციენტთა მიღება კვლავ გააგრძელონ.