თბილისში, ორი სხვადასხვა წერტილიდან ოპოზიციის ლიდერების და მხარდამჭერების მსვლელობა დაიწყო.
მარჯანიშვილის მეტროდან „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობის“ წევრები ზაარბრიუკენის მოედნისკენ გაემართნენ.
„ხალხის ყოფნა აქციებზე მნიშვნელოვანია. დღეს ვერ ახერხებთ, ხვალ ვერ ახერხებთ, ოთხშაბათს… ოთხშაბათს ქალების აქცია იქნება. ყველა, ვინც პროევროპულ არჩევანს მისცა ხმა, უნდა ეცადოს, რომ რომელიმე აქციაზე მაინც გამოვიდეს. ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ არ ვაპირებთ დანებებას და დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ პროევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
მეორე მსვლელობა დაიწყო უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. აქ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაიწყო, ნიკა გვარამიას თქმით, შეჩერდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ კი ვაკის მიმართულებით წავლენ.
„არა რუსულ არჩევნებს“ – ესაა საპროტესტო მსვლელობის მთავარი სათქმელი.
„ყველანაირი პროტესტი მნიშვნელოვანია. მარტო მრავალათასიანი მიტინგები არაა გამოსავალი, ყველანაირი მნიშვნელოვანია. ესაა წინააღმდეგობის მოძრობა უნდა ვაგრძნობინოთ ამ ხელისუფლებას, რომ მისი ადგილი აქ არ არის… მოპარული არჩევნების დაბრუნების ერთ-ერთი გზა არის ქუჩა“, – განაცადა ნიკა გვარამიამ.
დღეს დედაქალაქში კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. პარტია „გირჩი“ 19:00-ზე პარლამენტთან იკრიბება და ხმის ფარულობის დარღვევის საფუძვლით ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.