თბილისში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პუბლიკას მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ უთხრა.
სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აფგანი უკანონო პატიმრობაშია და მისი უფლებები ილახება.
„დღეს მისი შიმშილობის პირველი დღეა. ამ ზომას მიმართა იმის გამო, რომ აქ კანონი არ მოქმედებს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. არაფერს აკეთებენ კანონის შესაბამისად. მე ვთხოვე, რომ შიმშილობა არ დაეწყო, რადგან როცა მან ამ ზომას აზერბაიჯანის ციხეში მიმართა, ძალიან გაურთულა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ვშიშობ, თუ შიმშილობას გააგრძელებს, აფგანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – ამბობს სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი მისი საჩივარი განუხილველი დატოვა. სადიგოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისი 3 აგვისტოს დააკავეს.
უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა.
სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება.
დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს.
ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს. 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.
2021 წელს პატიმრობის ვადა სადიგოვს უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.