თბილისში პოლიციამ დედის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

პუბლიკა

პოლიციამ  2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავა.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიების მიხედვით, დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.