თბილისში წუხელ ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ცნობით, 36 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 22 წლის კაცი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს – 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.