თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარება მკაცრად რეკომენდებულია – მეზვრიშვილი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადის ტარება მკაცრად რეკომენდებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში და ჩვენც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოსი და ჯანდაცვის სამინისტროსი, რომ სამ ქალაქში, სადაც, დღეის მდგომარეობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მკაცრი რეკომენდაციაა გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეკომენდაციას შესაბამისი სამსახურები, შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებენ.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით იქ, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს. იმედი მაქვს, არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება იმისათვის, რომ ამ ცნობიერების ამაღლებასა და მითითებაში პოლიციამ წვლილი შეიტანოს. იმედი მაქვს, ამაზე პოლიციის რესურსის გამოყენება არ იქნება საჭირო, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, ღია სივრცეში პირბადის ტარებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა მკაცრი რეკომენდაციაა.

„გთხოვთ, ამას გაგებით მოვეკიდოთ და მაქსიმალურად დავიცვათ იმისათვის, რომ შემდგომში არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.