თბილისში რამდენიმე სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები

პუბლიკა

თბილისში რამდენიმე სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.

14:00 საათზე მოქალაქეები შეიკრიბნენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მათ აქ სიმბოლურად ნაცემი მოქალაქის ფიტული მოიტანეს. მათ შენობის კედელზე ასევე გააკრეს პლაკატები წარწერებით: „ძალადობით სავსე ქალაქი”, „დასაჯეთ მოძალადეები”, „აღკვეთეთ ძალოვნების აგრესია”.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ის ორგანო, რომელმაც უნდა გამოიძიოს პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ასევე, ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები. თუმცა, უწყებას მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაწყებული არც ერთი გამოძიება ბოლომდე არ მიუყვანია.

„ყოველდღე ახალ სახეს აჩენს არალეგიტიმური მთავრობა. დღევანდელი ჩვენი პერფორმანსი ეძღვნება იმ ადამიანების დაკავებას და გამოუძიებელ საქმეებს, რომლებიც მრავლად დაგროვდა. ეს ნაცემი ადამიანი განასახიერებს თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი. რატომ არ არის პოლიცია ხალხის გვერდით, რატომ არ მოდის, როცა 112-ში ვრეკავთ”.- თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

14:00 საათზევე მოქალაქეები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ იუსტიციის სახლთან.

„თავისუფება რეჟიმის პატიმრებს”, „შეწყდეს ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე” – ეს არის იმ ხელოვანების და სხვა მოქალაქეების მთავარი სათქმელი, რომლებიც აქ შეიკრიბნენ.

შემდეგ მათ მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის გამზირისკენ, სადაც შეუერთდნენ კინოცენტრში გასაპროტესტებლად მისულ კოლეგებს. ხელში ეჭირათ პლაკატი წარწერით: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”.

აღმაშენებლის გამზირიდან ხელოვანები ერთად გეგმავენ ჯერ წერეთლის გამზირზე, შემდეგ კი საბურთალოზე წასვლას.

ისინი მივლენ ამ ქუჩებსა და უბნებში მდებარე პოლიციის შენობებთან, ასევე, სავარაუდოდ, თბილისის მერიის შენობასთან, მსვლელობას კი დაასრულებენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ისინი კვლავ მოითხოენ ეთერს.

„პოლიცია ვერ ახერხებს, შეასრულოს თავისი მოვალეობა. დემონსტრაციებზე, ვხედავთ, რომ დაზარალებული ხალხი მათ მიმართავს, პოლიციას კი აღარ აქვს უფლება, მათ დაეხმაროს. ასეთი ბრძანება აქვთ. შელახულია მათი ღირსება, მათი ფიცი, მათი მუნდირი და დასაცავია ჩვენი მხრიდან.

არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ გქონდეს პოლიციელის იმედი. გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი მსვლელობით მათ ვუთხრათ, რომ მათი უპირველესი მოვალეობაა, დაიცვან მოქალაქეები. და ასევე, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, ისინიც წნეხის ქვეშ არიან”. – თქვა აქციის მონაწილემ.

ხელოვანების სხვა ნაწილი – კინოინდუსქტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ეროვნულ კინოცენტრში. მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „სოლიდარობა რეჟიმის ტყვებს”, „შიში ჭამს სულს”, „სოლიდარობა”. მათ კინოცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

თუმცა, სავარაუდოდ კინოცენტრის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს შენობა მალევე დაატოვებინა. ისინი ახლა თუმანიშვილის თეატრთან არიან შეკრებილებ.