თბილისში რკინიგზის ლიანდაგზე კლდის მასა ჩამოიშალა

პუბლიკა

თბილისში, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგზე კლდის მასა ჩამოიშალა.

„დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ბათუმი-თბლისის მატარებლის მგზავრი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ მატარებელი მცხეთასთან გაჩერდა, პერსონალმა კი მგზავრებს ვერ უთხრა, როდის აღდგებოდა მოძრაობა. მისი თქმით, მან ვაგონი, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ დატოვა და თბილისში ტაქსით წამოვიდა, მგზავრების ნაწილი კი მატარებელში დარჩა.

ადგილობრივები „TV პირველთან“ საუბარში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ქვების ცვენა ხშირია.

„ამ სახლში ვცხოვრობ, ახლაც წამობრძანდით, რამხელა ქვები ყრია ჩემი სახლის უკან…  მერე „ტაჭკით“ ვყრით ხოლმე, აი აქეთკენ… შენი ჭირიმე, ვინ მოგხედავს, ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული… გამგეობიდან რომ მოვიდნენ, იმოდენა მიწა ყრია აქა, მერე მეტყვიან, ეს მიწა რათა ყრია აქაო? სად წავიღო ჩამოყრილი მიწა?! ახლა ნამეტანი ჩამოიყარა და ამ ბეტონების უკან იყრებოდა ხოლმე და ტრაქტორით გაჰქონდათ… კლდე რომ დაინგრეს და წამოვიდეს, მთელ ჩემს სახლს ხომ დაანგრევს? ახლაც რომ ნახოთ, სულ გაბზარულია კედლები, უკანა მხარე, ქვები ცვივა“, – ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივების საპასუხოდ მერიაში აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე კლდის ფრაგმენტი პირველად ჩამოიშალა და აქამდე ქვათაცვენა არ დაფიქსირებულა.

„ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე დღეს ჩამოიშალა კლდის ფრაგმენტი, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე პირველი შემთხვევაა. აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ტყუილია რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი განაცხადი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება.

ასევე სიცრუეა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმონ მერიის პრესსამსახურთან“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.