თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საბაგიროს ორი – სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის პროექტები განხორციელდება
„ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიმართულება, ესაა საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ საბაგირო ტრანსპორტის შესახებ მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად, თანხები უკვე გამოყოფილია.
„ამ ორი პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. პირველი განხორციელედება სამგორი-ვაზისუბნის პროექტი. აქ თანხები უკვე გამოყოფილია. დაახლოებით, 30 მლნ ევროზეა საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის. სამგორი-ვაზისუბნის ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, რომელიც 40 ათასზე მეტ მცხოვრებს ითვლის, მეტროსადგურ „სამგორთან“
დააკავშირებს, რაც მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს.
რაც შეეხება სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ხაზს, ის მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის დასახლებასთან დააკავშირებს. აქ საბაგიროს სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ თემქის ხევის რეაბილიტაციას და პროექტში ესეც გათვალისწინებული იქნება, რომ სადგურის შენობა-ნაგებობა, აქ იყოს განთავსებული. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო განთავსდება მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.