თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს, გზავნილით, „რუსეთი ოკუპანტია“.
ისინი ხელისუფლებას ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები რუსეთის ყოფილი საელჩოდან მსვლელობით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ეფექტიან და ქმედით ნაბიჯს, რომ თუნდაც ჩვენი ერთი მოქალაქე დაბრუნებულიყო, ვისაც ამხელა სასჯელი აქვს მისჯილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავააქტიუროთ საზოგადოება და განვახორციელოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე და ზუსტად ისევე იმოქმედონ, როგორც ეს მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შემდგომ პერიოდში. იგივე უნდა განხორციელდეს 5-ვე გატაცებულის შემთხვევაში. გატაცებულები არიან: გენადი ბესტაევი, ზაზა გახელაძე, ლაშა ხეთერელი, რამაზ ბეღელური ირაკლი ბებუა. ეს ხუთივე დაკავებული სასწრაფოდ უნდა გამოიხსნას ხელისუფლებამ“, – განაცხადა „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ზაზა გახელაძე და სხვა პირები რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლნი არიან. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა დანაშაულზე, გაგრძელებული 2008 წლიდან – დღემდე.
„ჩვენი პრეტენზია რუსეთის ფედერაციის შემდეგ მიმართულია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებისადმი, რომელიც წარმოადგენს რეალურად რუსეთის ფედერაციასთან დანაშაულებრივ, მოღალატეობრივ კოლაბორაციაში მყოფ რეჟიმს, რომელმაც თავიდანვე, ბიძინა ივანიშვილის პროგრამაში დაისახა ამოცანად, რომ საქართველო ამოვარდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს დღის წესრიგიდან, როგორც პრობლემური საკითხი. ეს მიზეზი არის ის, რომ დღემდე რუსეთის ფედერაცია არ გრძნობს არც დიპლომატიურ, არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ფასს იმ დანაშაულებისთვის, რომელსაც სჩადის საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უნდა მოაგვაროს ქართულმა საზოგადოებამ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
საპროტესტო აქციაზე იმყოფება ასევე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.
„ჩემი და ყველა აქ მყოფის, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მთავარი მოთხოვნაა თავისუფლება ოკუპანტების მიერ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს საქართველოში. სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებამ ერთობლივად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად. რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება საზოგადოების მხრიდან, მეტი რეაქცია იქნება მსოფლიო საზოგადოების მხრიდანაც და უფრო მეტი დისკომფორტი შეექმნება რუსეთის მთავრობას, თავისი ძალადობრივი საქმიანობის გამო“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა შვიდი თვის წინ ზაზა გახელაძე გაიტაცეს. აქციას აანონსებს ზაზა გახელაძის ოჯახიც.