თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, გადაკეტილია ქუჩები

პუბლიკა

თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, გადაკეტილია ქუჩები.

ყველა აქციის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა.

პროტესტი დილიდან დაიწყო.

10:00 საათზე უნგრეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს ისწავლეს ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.

„ვიცით რომ უნგრელო ხალხი მხარს არ უჭერს ძალადობას და წამებას და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორმბანმა და უნგრეთის ხელისუფლებამ.

ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, წერილები, დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ექვემდებარებიან ადამიანები საქართველოში, აუცილებელია, რომ ორბანის ხელისუფლებამ და უნგრელმა ხალხმა ამის შესახებ იცოდნენ და გაითვალისწინონ ეს იმიტომ, რომ უნგრეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ბლოკავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე“,- თქვა ბაია პატარაიამ.

11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბენ ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები. ისინი მალევე თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით დაიძრნენ, წრე შემოავლეს თავისუფლების მოედანზე ქანდაკებას, შემდეგ კი კვლავ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა.

ისინი მოითხოვენ:

● რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
● ხელახალი არჩევნების ჩატარებას;
● ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ;
● მოქალაქეებზე ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯას.

ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს შეუერთდნენ ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, HR-ები. მათ გადაინაცვლეს გმირთა მოედანზე და მოძრაობა გააჩერეს.

ეს საპროტესტო აქცია არ ჩერდება – ისინი თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან.

12:00 საათზე სტარტაპერების ნაწილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მივიდა. მათი განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანა დასავლურ კურსს სცდება, საფრთხე ექმნება ტექნოლოგიების სფეროსაც. მათ მოითხოვეს შეხვედრა სააგენტოს დირექტორთან, ავთანდილ კასრაძესთან, რომელსაც განვითარებულ მოვლენებზე პოზიცია ჯერაც არ გამოუხატავს.

„ათი წელია, GITA-სთან ერთად ვაშენებთ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემას, რომელსაც, თავის მხრივ, დიდი როლი აქვს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი აქ მოსვლა არის სიმბოლური ხასიათის, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ეს პროცესი სტარტაპ ეკოსისტემაზე. ჩვენ დღეს დავხურეთ ლეპტოები, გამოსულები ვართ ქუჩაში, გავაჩერეთ განვითარება.

გარდა ამისა, გვინდა, მოვისმინოთ მათი განცხადებები, პოზიცია მიმდინარე მოვლელენთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ საბოლოო ჯამში ყველაფერს ერთიან სივრცეში ვაკეთებთ. გვაინტერესებს, როგორია GITA-ს პოზიცია მიმდინარე მოდელთან დაკავშირებით, რომ რეალურად გავიგოთ, საით მივდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რეალურად ქვეყანაში ვითარდება თუ არა ინოვაციები, ტექნოლოგიები, თუ დგება ქვეყანა ბელარუსიზაცის გზაზე, რომელიც ძირს უთხრეს ყველანაირ განვითარებას”. – თქვა Biliki AI-ი დამფუძნებელმა, თორნიკე ცირამუამ.

კასრაძე სტარტაპერებთან შეხვედრას დასთანხმდა, თუმცა მკაფიო პასუხი კითხვაზე, ასცდა თუ არა ქვეყანა ევროკავშირის გზას და სად დგას GITA ამ რთულ დროს, სტარტაპერებმა მისგან მაინც ვერ მიიღეს.

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა 13:00-დან 14:00 საათამდე გადაკეტეს მელიქიშვილის და ჭავჭავაძის გამზირები.

მარკეტერები, PR სპეციალისტები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ვაკის პარკთან და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

პარალელურად, მუსიკოსები კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ. 

მათი მოთხოვნებია:

  • გათავისუფლდეს კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე;
  • კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე;
  • გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მოქალაქეები.

1 საათის შემდეგ მათ გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე.

ხელოვანების სხვა ნაწილი შეიკრიბა სახელმწიფო არქივის შენობასთან.

სტუდენტებმა პროტესტი გამართეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის შენობასთან, სადაც პროტესტს თავად უწყების თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მსვლელობით მივიდა თბილისის მერიასთან. მათ მარშით შეუერთდნენ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები.

ადგილზე მოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერები: „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!”, „თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს”.

იურისტებმა და ადვოკატებმა პროტესტი უზენაეს სასამართლოსთან გამოხატეს. გადაიკეტა ზუბალაშვილების ქუჩა. მათ თან ჰქონდათ ბანერები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, „მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს”. მათ ასევე თან ჰქონდათ საქართველოს კონსტიტუცია.

„იურისტის და ადვოკატის პროფესია, ფაქტობრივად, გაუქმებულია, იმიტომ, რომ რეჟიმი ცდილობს, ეს პროფესია არაფრად აქციოს და შექმნას განცდა, თითქოს არ არსებობს არავინ, ვინც ასობით ადამიანს დაიცავს. სასამართლო არის ნოტარიუსად ქცეული, რომელიც ასევე ცდილობს, რომ გააუქმოს ადვოკატის პროფესია. საქართველოში 10 ათასამდე ადვოაკტია. ეს არის ძალიან დიდი ხმა, დიდი კვალიფიკაცია და ცოდნა არის ამ ადამიანებში. მნიშვნელოვანია, მათი ხმა მკაფიოდ ისმოდეს. დღევანდელი აქ შეკრება ადასტურებს, რა მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ქვეყანაში”. – თქვა იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა.

საპროტესტო აქცია გამართეს მეღვინეებმაც. როგორც თქვეს, განუზომელია ევროკავშირის და აშშ-ის როლი ქართული მეღვინეობის განვითარებაში.

„საქართველოს თითოეულ რეგიონში, ისეთ მარნებში, სადაც ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ შეეძლოთ კომერციული პროექტების გაკეთება, მარნების შექმნა, მოპირკეთება, ახალი ქვევრების შეძენა, მარკეტინგული აქტივობები, რომ თავიანთი ღვინო ევროპაში გაეტანათ. ეს უზრუნველყო სხვადასხვა ევროპულმა და ამერიკულმა ფონდებმა. ახლა როგორ ვუხდით მათ მადლობას? იმ ხალხს, ვინც დახმარებას გვიწევდა, აგენტებს ვეძახით და ვაფერხებთ საქართველოს ევროინტეგრაციას. საქართველოს მეღვინოებები, მევენახეები ღვინის კომუნის წარმომადგენლები” – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„მცირე მარნები არიან ქართული ხარისხიანი ღვინის ფლაგმანები დიდი მწარმოებლებისგან განსხვავებით. ის პოლიტიკა, რაც ახლა არის, ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა ხარისხზე და რუსეთის ბაზარზე მიბმაზე, იმიტომ, რომ ექსპორტის 2/3-ზე მეტი რუსეთში გადის. ჩვენ ხომ ვიცით, ეს როგორი ბაზარია. პოლიტიკურად, როცა მოინდომებენ, მაშინ ჩაკეტავენ”. – თქვა აქციის სხვა მონაწილემ.

დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი სხვა პროფესიული წრის პროტესტი. მათ შორის, სოციალური მუშაკების, რომლებიც 20:00 საათზე თსუ-სთან შეიკრიბებიან.

საბოლოოდ, ყველა ეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზე გაერთიანდება.

თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები მასობრივად აპროტესტებენ „ქართული ოცნების” 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. ამასთან, გმობენ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოსულ მოქალაქეებზე სასტიკ ძალადობას და მათ დაკავებას.