სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, დაღუპულები მათი თანამშრომლები იყვნენ.
„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.