თბილისში შუქრუთელი მოშიმშილეების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით შუქრუთელი მოშიმშილეების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც „მმართველობის მონიტორინგის ცენტრია“ მოქალაქეებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მათი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოებით დაზარალებული სოფლების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასაც წარუდგენენ.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, რომლებიც 28 დღეა შიმშილობენ. მესამე დღეა უკვე, რაც მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ ისინი და სასწრაფო ზომებია მისაღები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

დღეს ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს რა ხდება ჭიათურაში, გვექნება მცირე დეკომუნტური ფილმის ჩვენება და ფოტოგამოფენა იმის საჩვენებლად, რა ხდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთსა და სხვა სოფლებშიც. სულ 15-მდე სოფელია ასე დაზარალებული“, – ამბობს „პუბლიკასთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი, ნოდარ ჩაჩანიძე.

სოლიდარობის აქციას ესწრებიან თავად შუქრუთელებიც, რომლებიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზრაურებას მოითხოვენ, სახელმწიფოს კი ამ დავაში ჩართვას სთხოვენ.

„მადლობა სოლიდარობისთვის იმ ხალხს, ვინც დაგვიდგა გვერდში. ეს არ არის ერთი ადამიანის ბრძოლა, ზოგადად, მოქალაქეების მიმართ მიდგომაზეა საუბარი. ასე რომ, არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ და დაირღვეს მისი ფუნდამენტური უფლებები. ყოველთვის კარგია, ადამიანური სოლიდარობა.

რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, ჯერჯერობით წინსვლა არ არის და ველოდებით მზაობას, რომ რაციონალურად წარიმართოს პროცესი“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ერთ-ერთი შუქრუთელი, ჯანო ლაბაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.

შუქრუთელები, რომლებმაც პროტესტი, თავდაპირველად ჭიათურაში დაიწყეს, ჩივიან, რომ ხელისუფლება მათი გასაჭირით არ ინტერესდება. მოშიმშილეები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.