თბილისში სხვადასხვა ჯგუფებმა მსვლელობები მოაწყვეს - მე-18 დღეა რუსთაველზე აქცია იმართება

პუბლიკა

თბილისში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დღესაც გამართეს აქცია-მსვლელობები და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ახალი არჩევნების ჩატარება და ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული პირების გათავისუფლება.

დღეს გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორ/კონსერვატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების, ხელოვანების, საფეხბურთო კლუბების – მადრიდის რეალისა და ბარსელონას ქართველი გულშემატკივრების, არჩევნებზე დამკვირვებლების, „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების მარში, ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მსვლელობა.

მსვლელობების მონაწილეები გაერთიანდნენ პარლამენტთან, სადაც მე-18 დღეა საპროტესტო აქცია იმართება.

რამდენიმე მსვლელობა ჩანიშნულია ხვალ, 16 დეკემბერასაც.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას მე-18 დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი ნაწილი სისხლის სამართლის წესით. სპეცრაზმი აქციების დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის. სამართალდამცავებმა სცემეს აქციის არაერთი მონაწილე, მათ შორის ჟურნალისტები.