თბილისში რაქვიაშვილების მრავალსულიან ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება

პუბლიკა

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მცხოვრები რაქვიაშვილების ოჯახი შესაძლოა, ბინიდან გამოასახლონ. დღეს მათთან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ. სახლის წინ მათ მხარდასაჭერად შეიკრიბნენ მოქალაქეებიც, თუმცა პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიდო.

ბინაში მცხოვრები მარიამ სუხიშვილი „პუბლიკასთან“ ბინისა და იმ ვალის ისტორიას ჰყვება, რის გამოც გამოსახლება ემუქრება.

„ადამიანმა, რომელიც ჩვენი მეგობარი იყო, რამდენიმე წლის წინ გადაგვიხადა ვალი და შემდეგ მოტყუებით, რომ მისი ნათესავები ნერვიულობდნენ, გადაიფორმა ქონება.

ვალი შეადგენდა $72 000 დოლარს, რომლის ნაწილიც $38 000 დავუბრუნეთ და დარჩენილი გვაქვს $33 000. ამ თანხის ნაცვლად ჩვენ მას ვთავაზობთ 110 000 ევროს, მაგრამ დროს წელავდა, ორი თვის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება, რომ აიღებდა ამ თანხას და დაგვიბრუნებდა ქონებას.

მოულოდნელად 22 იანვარს მან უარი განაცხადა და გვითხრა, რომ აღარ უნდოდა ფული, ვინაიდან სახლის რეალური შეფასება არის 606 000 ლარი“, – იხსენებს მარიამ სუხიშვილი „პუბლიკასთან“.

მარიამ სუხიშვილის თქმით, კრედიტორი თეიმურაზ დავითულიანი, რომელიც მევახშეა, უმტკიცებდა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნათესავია და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი იყო. სუხიშვილი მიიჩნევს, რომ მათ ბინაზე აღსრულების პროცესი სხვა საქმეებთან შედარებით დაჩქარებულად მიდის, რაც ეჭვს უჩენს, რომ დავითულიანს ხელისუფლებაში მფარველი მართლაც ჰყავს.

„მივმართავ პროკურატურას და მოვითხოვ, გაარკვიონ, ვინ არის, რადგან აღსრულების ბიუროში 2016 წლის საქმეები დევს უძრავად, ჩვენ შემთხვევაში კი ერთი წელიც არ არის გასული და უკვე აღსრულება დაიწყეს.

ჯერჯერობით, პროცესი გადაიდო, არ ვიცი რა ვადით, მაგრამ ჩვენ ბინას არ დავთმობთ. 7-სულიანი ოჯახიდან ორი არასრულწლოვანი და ორი პენსიონერი ცხოვრობს აქ და არაფრის ფასად არ დავთმობთ ამ სახლს“, – ჰყვება მარიამ სუხიშვილი.

სუხიშვილის თქმით, მათ მიმართვის შემდეგ თეიმურაზ დავითულიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაც დაიწყო განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მითვისების მუხლით. მაგრამ ბოლო დროს ეს გამოძიებაც შეჩერდა. სუხიშვილი საგამოძიებო უწყებისგან ამ საქმის განახლებასაც მოითხოვს.

უზნაძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მისული იყო ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პაატა შამუგიაც. შამუგია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ისინი გასული წლის განმავლობაში მხარეთა მოლაპარაკებას ცდილობდნენ, რაც უშედეგოდ დასრულდა.

ხოლო, რადგან ქონება უკვე კრედიტორის სახელზეა, სასამართლომ გამოსახლებაზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აქედან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეობაა, კრედიტორს სახლი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს.

რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, შამუგიას თქმით, პროცესი კრედიტორი მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო და კვლავ ჩაინიშნება რამდენიმე თვეში, მაგრამ მანამდე ბიურო კვლავ გააგრძელებს მხარეთა მოლაპარაკებას, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად დასრულდეს.