თბილისში ტაქსის მძღოლებმა ტარიფები და ავტობუსის ზოლში მოძრაობის პირობები გააპროტესტეს

პუბლიკა

თბილისში აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების პროტესტი მიმდინარეობს – მათ დილიდან მსვლელობა გამართეს და ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანთან არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მათი პროტესტის მიზეზი ტარიფები, ასევე, ავტობუსის ზოლში მოძრაობის პირობებია, რის გამოც მგზავრების აყვანის დროს ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა.

„ვითხოვთ შეხვედრას ყველა იმ პირთან, კახა კალაძიდან დაწყებული, რომელმაც ეს რეფორმა დააანონსა და სისრულეში მოიყვანა. ამ რეფორმას, რეალურად, ძალიან დიდი ხარვეზები აქვს, პირველ რიგში, როგორც ჩვენი, ასევე, მგზავრების უსაფრთხოების. ამ სანქციებმა გამოიწვია უაზროდ დიდი ჯარიმები მძღოლებისთვის. ეს საქმიანობა, ეს ბიზნესი დარეგულირდეს რაღაც სახით, იმიტომ, რომ სრულად მიშვებულია”, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

მათი თქმით, მათი პროტესტის ჩამონათვალი, დაახლოებით, 17-პუნქტიანია, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მათ პრიორიტეტებს შორის შედის პროცენტი, რომელიც კომპანიამ გაზარდა. მძღოლები აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება ერთი შეკვეთიდან საკომისიოში 20% მიდიოდეს.