თბილისში რუსული რესტორნების ქსელის, „Syrovarnya”-ს ფილიალი იხსნება – Faceebok-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, რესტორანი, რომელსაც ინგლისური სახელი „Cheesefarm” ერქმევა, თავისუფლების მოედანზე იმ შენობაში გაიხსნება, სადაც „პარაგრაფ თბილისი” მდებარეობს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქართველო გახდება მე-6 ქვეყანა, სადაც „Syrovarnya” ფილიალს ხსნის – რესტორნების ქსელი „Novikiv Group”-ის ნაწილია, მისი პროექტი ეკუთვნის რუს მილიარდერ ბიზნესმენ, არკადი ნოვიკოვს.
რესტორნების ქსელის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა „პარაგრაფ თბილისი“, სადაც აცხადებენ, რომ ფართი, რომელშიც რესტორანი იხსნება სასტუმროს არ ეკუთვნის.
„აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო „პარაგრაფთან“. ფართი, სადაც მდებარეობს აღნიშნული რესტორანი, არ ეკუთვნის „პარაგრაფ თბილისს“, ის არასოდეს ყოფილა სასტუმროს ნაწილი. რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.