LGBTQ+ აქტივისტების ინფორმაციით, 23 აპრილის ღამეს თბილისში კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 126-ე, ძალადობის მუხლით, კაცის მიმართ კი გამოწერილია შემაკავებელი ორდერი.
„თბილისი პრაიდის“ აქტივისტის, თაზო სოზაშვილის ინფორმაციით, ვაკეში, ნაქირავებ ბინაში წყვილს თავს დაესხა, სავარაუდოდ, ბინის მეპატრონის ქმარი. მისივე ცნობით, მისვლის მიზეზი მუსიკის ხმაური იყო, თუმცა მოგვიანებით კონფლიქტს მოჰყვა ჰომოფობიური შეძახილებიც, შემდეგ კი კაცი ქალებს ფიზიკურად გაუსწორდა.
კიდევ ერთი აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია“.
„გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია.
გაგიჟებული ვარ, ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები
აღარ შემიძლია მართლა, ქალებს გამოუცხადეს თან განსაკუთრებული ომი და ზუსტადაც, სახლში უვარდებიან. წინა დღეს რომ გირაოთი გამოუშვეს ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი, მაგიტომ მოხდა ეს ამბავი და ამაზე გავიგე, მხოლოდ შემაკავებლით უპირებენ გაშვებასო და ასე თუ გააგრძელა შსს-მ, ხვალ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გვეყოლება,”- წერს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში.
ეს მიმდინარე კვირაში ლესბოსელ წყვილზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 20 აპრილს თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი 1984 წელს დაბადებული ო.ი. მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით თბილისში დააკავეს, 23 აპრილს კი სასამართლომ ის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.