თბილისში, ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი იყო. დაშავებული არავინაა - საგანგებო

პუბლიკა

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ განცხადებით, ხანძარი იყო თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე.

„ადგილზე უმოკლეს დროში რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მობილიზდა.  მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ, მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორც „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ ამბობს, ხანძარი ლიკვიდირებული იყო გამოძახებიდან ნახევარ საათში.