განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა ანდრი კასიანოვს სამინისტროში უმასპინძლა და მასთან უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის საკითხი განიხილა.
სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა“, – აცხადებს სამინისტრო.