„თბილისში ვარ” – აფგან მუხთარლი

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი ამბობს, რომ თბილისში იმყოფება. ის სტამბოლის გავლით ჩამოვიდა საქართველოში.

„თბილისში ვარ“ – დაწერა მუხთარლიმ სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანში მას ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. აფგან მუხთარლი ამბობდა, რომ ის პოლიტპატიმარია და აზერბაიჯანის მთავრობა როგორც ჟურნალისტს დევნიდა. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში მონაწილეობდა როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა. აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.