ორგანიზაციის „ტფილისის ჰამქარი“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ სარესტავრაციო სამუშაოების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში გადალესილ კედლებზე ქართული თემატიკის ნახატები აღმოჩნდა.
„აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ! ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!“, – წერს ელისაშვილი.
სასტუმრო „ლონდონი“ 1875 წელს გაიხსნა მადათოვის ქუჩის N21 სახლში (ახლანდელი ათონელის N31). ის თავიდან ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, შემდეგ მის ძმას – კონსტანტინეს, ხოლო 1901 წელს, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით ერგო მის მესამე ვაჟს პეტრეს.